
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტმა", ალან გაგლოევმა ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსეი ვარზიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის "განკარგულებას" მან ხელი უკვე მოაწერა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის "განკარგულებაში" წერია, რომ ვარზიევის მოვალეობების შესრულება მის "მოადგილეს", ანდრეი გაგლოევს დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეზერვის პოლკოვნიკი, ალექსეი ვარზიევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2023 წლის ოქტომბერში მან სააგენტო "რესს"-თან თქვა, რომ საქართველო „არ აპირებს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების საკუთარ შემადგენლობაში დაბრუნების რევანშისტურ იდეაზე“.