ფიზიკური დაპირისპირება ჩხოროწყუს მერსა და მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს შორის - "მთავარი არხის" ინფორმაციით, 4 დღის წინ, ყოფილი თანამშრომლები ერთმანეთს სოფელ მუხურში დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მერი დათო გოგუა ადგილზე მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, რა დროსაც სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა და მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლაც, თუმცა ადგილობრივების ჩარევის შემდეგ, ისინი მალევე გააშველეს.
დაპირისპირების მიზეზად კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო კვარაცხელია გოგუასთან სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
ედიკ კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინფორმაციით, მას კონფლიქტი ჰქონდა მისივე თანამშრომლებთანაც.
მერსა და მერიის ყოფილ თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებული არავინაა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა დათო გოგუა.
[ფოტო: დათო გოგუა]
ავტორი: ემა გოგოხია