შაქარაშვილის საქმე - პატრულები ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

პირი, რომელიც ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ კარგადაა, გიორგი ზარიაშვილია. პატრულ-ინსპექტორი, რომელიც შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს შემთხვევის ადგილას პირველი მივიდა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა. ამბობს, რომ სახლშია და არაფერი სჭირს, თუმცა მის მეზობლად, სოფელ მუხრანში ყველამ იცის, რომ პატრულ-ინსპექტორი უკვე რამდნეიმე დღეა კლინიკაში მკურნალობს. 

"შაბათის მთავარის" ინფორმაციით, გიორგი ზარიაშვილი რამდენიმე დღის წინ „ნიუ ჰოსპიტალში“ უგონო მდგომარებაში შეიყვანეს. ინფორმაციას მისი ნათესავები ადასტურებენ.

სოფელში ყვებიან, რომ ზარიაშვილი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო დროს განსაკუთრებულად ინერვიულა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას კი სამსახურში პრობლემებსა და სავარაუდოდ, მისი გათავისუფლების მუქარას უკავშირებენ. 

გიორგი ზარიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ თემაზე არ საუბრობენ ოჯახის წევრები. „ნიუ ჰოსპიტალში“ კი გვითხრეს, რომ ოჯახის წევრების გარეშე მასზე ინფორმაციას ვერ გასცემდნენ. 

რა დაემართა მათ კოლეგას, არ გვითხრეს არც მცხეთის პოლიციაში. გაირკვა, რომ თანამშრომლებს არ მოუკითხავთ, რატომ არ დადიოდა პატრულ-ინსპექტორი სამსახურში. 

რა შეემთხვა გიორგი ზარიაშვილს და რა იცოდა მისი მძიმე მდგოამრეობის შესახებ, ვცადეთ მისსავე მეწყვილეთან გაგვერკვია. გაირკვა, რომ არც ვალერი ჯიქურაშვილმა იცოდა, რა მოხდა მცხეთის პოლიციაში და რატომ აღმოჩნდა მისი მეწყვილე კლინიკაში უგონო მდგომარეობით.

უკავშირდება თუ არა გიორგი ზარიაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები გიორგი შაქარაშვილის საქმეს, არავინ საუბრობს - არც თავად პაციენტი და არც მისი მეწყვილე. სამაგიეროდ, იმ ტრაგიკული ღამიდან ორთვენახევრის შემდეგ, "შაბათის მთავართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, ვალერი ჯიქურაშვილი და გიორგი ზარიაშვილი ყველაფერს დეტალურად იხსენებენ, თუმცა ერთი განსხვავებული ვერსიით - ვალერი ჯიქურაშვილი ამტკიცებს, რომ იაკობ ბრეგვაძის თბილისში ჩამოსაყვანად გადაწყვეტილება თავად მიიღო და  საკუთარი სამოძრაო კვადრატიც დატოვა. მის გვერდით ავტომობლში მჯდომი გიორგი ზარიაშვილი კი დარმუნებულია, რომ მას და მის მეწყვილეს, საკუთარი სამოძრაო ტერიტორია არ დაუტოვებიათ და არც შინაგანაწესი დაურღვევიათ.

ორივე პატრული ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მშვიდად იყო. რატომ ჩათვალეს რომ უჭირდა და მისი წაყვანა თბილისში აუცილებელი იყო, აღარ ამბობენ. ვალერი ჯიქურაშვილი კი, ფოტოგრაფის სიმშვიდეში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული 112-ის ჩანაწერი მოისმინა.

რატომ არ ჩართეს კამერა? - პატრულები ამბობენ, რომ არ ჩათვალეს საჭიროდ. ეს იმ დროს, როცა ჯგუფი ადგილზე იარაღიანი პირების ჩხუბისა და დაპირისპრების გამო გავიდა და წესის მიხედვით, კამერა ინციდენტის მონაწილე პირველსავე პირთან შეხვედრისას უნდა ჩაერთოთ. 

ორივე პატრულ-ინსპექტორის ინტერვიუდან რჩება შთაბეჭიდელბა, რომ დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ, ან აღარ ახსოვთ, რა უთხრეს გამოძიებას და გვთხოვენ, წავიკითხოთ მათი ჩვენებები. ვინ ცრუობს და ვინ ამბობს სიმართლეს, რთული დასადგენია. 

ასევე რთული დასადგენია, იტყუება თუ არა გიორგი ზარიაშვილი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ რამდენიმე დღეში სამსახურში გასვლას აპირებს. „მთავარის“ ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დღემდე კლინიკაში მკურნალობს. 

 

ავტორი: ნენე დალაქიშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი