ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მოძლადეების სამიზნე ხდებიან. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მდუმარე ნებართვით მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სულ უფრო მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. სულ რამდენიმე საათის წინ ჩვენს კოლეგებს, ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი დედაქალაქის ცენტრში, შვედეთის საელჩოსთან მოხდა. აგრესიული მამაკაცი ინტერვიუს ჩაწერის დროს შუშის ბოთლით ხელში და ხმამაღალი გინებით მიიჭრა ჟურნალისტებთან. ამ ინციდენტის შემდეგ ადგილზე პოლიციაც იყო მისული და შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაწყებულია გამოძიება. მოგვიანებით, უწყებაში გვითხრეს, რომ საქმე გამოძიებისთვის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. "ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე ვინმე რეზო ვაშაყმაძემ იძალადა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.