
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს, რუსეთის 20 ქალაქში, სულ მცირე, 106 ადამიანი დააკავეს.
რუსული უფლებადამცველი პორტალი "OVD-Info" იტყობინება, რომ მოსკოვში, სადაც რუსი ოპოზიციონერის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა, მინიმუმ 14 აქტივისტი დააკავეს. ნოვოსიბირსკში დაკავებულია 20 პირი, ომსკში 15, ეკატერინბურგში კი 10. დაკავებები იყო ყაზანში, ვორონეჟში, ასტრახანში, ნიჟნი ნოვგოროდში, მურმანსკში, ჩელიაბინსკში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებშიც.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, 1-ელ მარტს დაკრძალეს. მისმა დაკრძალვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა - მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სკანდირებდნენ: "ნავალნი", "არა ომს"...
მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო - მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც.
ნავალნის ციხეში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გავრცელდა.