ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სავარაუდოდ უკვე სამშობლოში იმყოფება. ეჭვი, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა უკვე დატოვა ბელარუსის საპატიმრო დაწესებულება, სხვადასხვა გარემოებამ დაადასტურა. ვარაუდი ლავასოღლის საქართველოში საიდუმლოდ ჩამოყვანის შესახებ 16 აგვისტოს მინსკიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებულმა საგანგებო რეისმა გაამყარა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში 1 საათით ჩასულმა თვითმფრინავმა, ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში ჩუმად ჩამოიყვანა.
"მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ სამი კვირის წინ, ბალარუსიდან ჩამოსულ თვითმფრინავს, რომლითაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სამშობლოში საიდუმლოდ დაბრუნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი "პორშე" დახვდა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ლავასოღლის სახლში უცვლელად იდგა. "პორშეს" მარკის ავტომობილი ე.წ. კანონიერ ქურდს თავისსავე ბავშვობის მეგობარმა, ირაკლი მამალაძემ დაახვედრა. კითხვებზე პასუხების მისაღებად ბათუმში მის საცხოვრებელ სახლთან მივედით, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ირაკლი მამალაძე სახლიდან გამოვიდა.
მინდია გორაძის სამშობლოში ჩამოყვანის ფაქტს ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. ინფორმაციის გადასამოწმებლად "მთავარი არხი" ხელვაჩაურში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სახლში ჩავიდა. საგულდაგულოდ დაცულ ბინაში, რომელიც წესით დაკეტილი უნდა ყოფილიყო, მომსახურე პერსონალი და სამზადისი დაგვხდა. სახლთან "შაბათის მთავარის" გამოჩენის შემდეგ ეზოდან აღარავინ გამოსულა. როგორც ჩანს, სახლში მყოფებმა ოჯახს ჩვენი გადამღები ჯგუფის შესახებ აცნობეს. მალე ადგილზე მინდია ლავასოღლის დედა გამოჩნდა. ნარგიზ გორაძე ამტკიცებს, რომ მისი შვილი კვლავ ბელარუსში, საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება და მისი ჩამოსვლის შესახებ არაფერი გაუგია.
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთის საპატიმრო დაწესებულებიდან ორი თვის წინ გაათავისუფლეს, თურქულმა მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე საათი მისცა. მინდია გორაძე პირველივე ავიარეისით ბელარუსში გადაიყვანეს, სადაც ის საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა. მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისა და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე არის გასამართლებული. მას 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ის თურქეთში ბოლო 2 წელია საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა.
გასაკვირი ახლაც არ იქნება, თუ გადამწყვეტ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სამშობლოში დააბრუნა - ამბობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს იხსენებენ და ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველის მობილიზებასა და მოსყიდვაში სწორედ კრიმინალური ავტორიტეტები ეხმარებოდნენ.
უცნობია, რას გეგმავს "ქართული ოცნება". არჩევნებამდე კი ცოტა დრო რჩება. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს რომელ ქალაქს, რომელ კრიმინალურ ავტორიტეტს ჩააბარებს.