პრემიერმა კობახიძემ წინამორბედის ირაკლი ღარიბაშვილის კადრების ჩანაცვლება საკუთარით დაიწყო. ოლიგარქის კარზე ძალაუფლების გადანაწილების ამბავს, პირველი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა შეეწირა. ოფიციალურ მიზეზად პრემიერმინისტრმა ზურაბ აზარაშვილის მხრიდან სამინისტროს მართვის ხარვეზები და სამედიცინო სფეროსთან მისკომუნიკაცია დაასახელა. მისი კადრების გაშვებისა და კლანებს შორის დაპირისპირების საკითხს ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირველად უპასუხა. ყოფილი პრემიერი სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და ამტკიცებდა რომ დამშვიდობება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან თითქოს ცივილიზებულ ფორმებში მოხდა. თუმცა აქვე არ დაუმალავს რომ მასაც და ზურაბ აზარაშვილისაც რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმეზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლების შემდეგ, სახლში წასვლა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძესაც მოუწევთ, რადგან ისინი ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად და ახლო გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან.
არაა გამორიცხული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაყენება.
ოპოზიციისთვის ამ საკადრო წმენდის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, რასაც მათი თქმით, ირაკლი კობახიძის ანონსიც მოწმობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრს ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეარჩევს.