ფიჭვნარი, გზები და სანაპირო ზოლი შეკვეთილში - ივანიშვილის ახალი შენაძენი

გამოქვეყნდა:

გზა, რომელსაც ადგილობრივები "ბერას გზას" უწოდებენ, სინამდვილეში შეკვეთილის ცენტრალური გზაა, რომლითაც მაცხოვრებლები და ტურისტები ზღვამდე გადიან. ეს გზა უკვე სახელმწიფო აღარ არის, კერძო საკუთრებაა. ისევე როგორც ,ზღვამდე მისასვლელი კიდევ ორი გზა, სანაპირო ზოლი და ეს მრავალწლოვანი ფიჭვნარი.  

ქალბატონი, რომელსაც ტერიტორიის დალაგებაში ხელფასს ბიძინა ივანიშვილი უხდის, გვიმტკიცებს, რომ ოლიგარქმა ზღვის სანაპირო ზოლი და ზღვამდე მისასვლელი გზები ხალხისთვის იყიდა. იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე უცხო არავინ შემოსულიყო. თუმცა კითხვაზე, საერთოდ რატომ დადგა დღის წესრიგში სახელმწიფო, ანუ ისედაც ხალხის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გასხვისების აუცილებლობა, ამაზე ვეღარ გვპასუხობს. 

ზღვის გარეშე დარჩენა შეკვეთილის მცხოვრებლებს და აქ ჩამოსულ დამსვენებელს ახლა ყველაზე მეტად ემუქრება. არავინ იცის, ბიძინა ივანიშვილი უკვე თავის კუთვნილებაში არსებულ გზებსა და სანაპირო ზოლს როდის გადაკეტავს. მას ამის უფლებას უკვე კანონი აძლევს. 

ზღვის სანაპიროს მეორე ზოლში ძირითადად კერძო საოჯახო სასტუმროებია. ტერიტორია სასტუმროების მეპატრონეებმა იმ გარანტიით იყიდეს, რომ მათ წინ არასოდეს არაფერი აშენდებოდა. დღეს კი, რეალურად იმ ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ ზღვიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აშენებული სასტუმროების დამსვენებლები ზღვაზე შეკვეთილში ვეღარ გავლენ. მათ მოუწევთ რამდენიმე კილომეტრის გავლა. ან ურეკში ან ქობულეთში ჩასვლა იმისათვის, რომ ზღვაზე გასვლა შეძლონ. 

ხელშეკრულებები სახელმწიფომ კერძო მესაკუთრესთან ერთი თვის წინ გააფორმა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 3 ათას კვადრატულ მეტრზე არსებული მიწის ნაკვეთი შპს "სიშორს" ადგილმონაცვლეობის პრინციპით გადასცეს.

შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ იდგა ამ კომპანიის უკან. ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით "სიშორის" 100 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს "საქარტველოს ტურიზმის განვითარების ფონდია". თავის მხრივ, ტურიზმის განვითარების ფონდის 100 პროცენტს კი პანამაში ანუ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია "ფრანქსტონ ინტერნეიშენალი" ფლობს. ივანიშვილის გვარი ცხადია დოკუმანტებში არსად ფიგურირებს, თუმცა აქ არავის ეპარება ეჭვი, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის საკუთრებაა. 

რა შეთანხმება გაფორმდა შპს "სიშორსა" და სახელმწიფოს შორის, ან რეალურად ვინ დგას მათ უკან, ამის გარკვევა თავად კომპანიაში ვცადეთ. თუმცა შეკვეთილის ახალი მეპატრონის ნაცვლად ოფიციალურად მითითებულ მისამართზე ცეკვის სტუდია დაგვხვდა. 

ბიძინა ივანიშვილმა რომ შეკვეთილში მთელი ეს ტერიტორია შეიძინა, ადგილობრივმა ოპოზიციამაც იცის. დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ ოლიგარქი, სხვა შემთხვევების მსგავსად, ამ გზასაც ჩაკეტავს. 
მაგალითად, როგორც მის სასტუმრო "პარაგრაფთან" მისასვლელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზები და საჯარო პარკი გადაკეტა. იმ ტერიტორიას მისი უსაფრთხოების სამსახური იცავს და იქ გადაადგილების უფლებას ნებართვის გარეშე არავის აძლევენ. 

ოპოზიცია უახლოეს დღეებში პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ გზები კანონდარღვევით გაასხვისეს. 

რატომ მიყიდეს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო საკუთრება. როგორ მოხდა რომ მის მფლობელობაში აღმოჩნდა გენერალური გეგმის მიხედვით ცენტრალური გზა, რომლის გასხვისებასაც კანონი კრძალავს. ამ კითხვების დასმა ბუნებრივია ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოში გვინდოდა, თუმცა გვითხრეს, რომ პასუხებს მაინც ვერ მივიღებთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი