ცხოვრება სიღარიბეში - ივანიშვილის წინასაარჩევნო ვნებები

გამოქვეყნდა:

მშიერი ადამიანი ვერ იდარდებს დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევაზე, ოლიგარქიაზე, ოკუპაციაზე, კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე, რადგან მას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, როცა შენს შვილებს შიათ, ყველა სხვა პრობლემა მეორადი ხდება.

საქართველოში კი 77 000 ბავშვი შიმშილობს. ხელისუფლება ამ პრობლემაზე დუმს. ხოლო როცა არ დუმს და ბრძნადმეტყველების ხასიათზეა, გვეუბნება, რომ შიმშილი და სიღარიბე სულაც არ უშლის ხელს ბედნიერებას.

გამოსავალი მოსახლეობის გამდიდრება კი არა, თანაბრად გაღარიბებააო. როცა შენ გარშემო ყველა შენნაირად ღარიბია, ცხოვრება ბევრად უფრო ასატანი ხდება და ფეხსაც იქამდე ჭიმავ, სადამდეც საბანი გაგწვდებაო - აი, ეს გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა ირიბად, როგორც სჩვევია ხოლმე.

ბიძინა ივანიშვილის აზრით, თანამედროვე ქართველის უბედურების სათავე ისაა, რომ მან გაარღვია ყოფილი საბჭოთა საზღვრები და ნახა, რას ნიშნავს ღირსეული ცხოვრება, შესაბამისად, გაუჩნდა ახალი მოთხოვნილებები.

მისი ნება რომ იყოს, ამ ქვეყანასაც ისეთივე შუშის კოლბაში მოაქცევდა, როგორშიც წლებია თვითონაა გამოკეტილი მშიერი ხალხისგან სრულიად იზოლირებულად.

საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, რომ მმართველობიდან მერვე წელს, საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლეთა თხოვნით პირველ სამეულშია. აქაც ისე უჭირთ და გარბიან ქვეყნიდან, როგორც ავღანეთსა და ბანგალდეშში. ქვეყნიდან გარბის ყველა, ვისაც შეუძლია, ვისაც არა, მხოლოდ ამაზე ოცნებობს. 

ავტორიტარული რეჟიმების ხელში სიღარიბე კონტროლის იარაღად იქცევა ხოლმე, როგორც ეს ჩვენ
შემთხვევაში ხდება. რაც უფრო ღარიბია ხალხი, მით უფრო მარტივია მისი მართვა. ეს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის.

„ქართულ ოცნებას“ არაფერი ანიჭებს ისეთ ძალას წინასაარჩევნოდ, როგორც ჩვენი შიმშილი. ოლიგარქმა იცის, რომ ადამიანი, რომელსაც სახლში მშიერი შვილები ელოდებიან, აუცილებლად გაცვლის საკუთარ საარჩევნო ხმას საკვებზე. სიდუხჭირეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გაუსაძლის მდგომარეობას ჩვენი არქიფო სეთური ყველა არჩევნებზე სათავისოდ იყენებს, რათა ამ ქვეყნის მიტაცება და გადანაწილება მან და მისნაირებმა კვლავაც განაგრძონ.

 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი