
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ პოკროვსკს "ისკანდერის" ტიპის რაკეტით შეუტიეს. დონეცკის ოლქის პროკურატურა იუწყება, რომ მათ სამიზნეს საცხოვრებელი კორპუსები წარმოადგენდა.
უწყების თქმით, შემთხვევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა დაკონკრეტებული არაა.
"პოკროვსკში 24 და 52 წლის ორმა ქალმა ჭრილობები მიიღეს. საცხოვრებელი კორპუსების გარდა, დაზიანებულია მანქანები და გაზის მაგისტრალი. გარდა ამისა, 3 მარტის ღამეს, რუსულმა ძალებმა მირნოგრადზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, გაისროლეს 4 რაკეტა...სამი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი ქალი (33 და 50 წლის), ასევე 37 წლის კაცი საკუთარ სახლებში დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს," - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის მიხედვით, დაზიანებულ ობიექტებს შორის არის მინიმუმ 12 მაღალსართულიანი და 13 კერძო კორპუსი, სასწავლო დაწესებულებები, მაღაზია და ავტობუსი.