პარასკევს რუსეთის დედაქალაქი უჩვეულო მღელვარებამ მოიცვა - პუტინის ბოლო ოპონენტი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ნავალნის დაკრძალვაც ერთგვარი პროტესტის აქცია იყო, დაუმორჩილებლობის აქტი - რა დროსაც უამრავმა ადამიანმა დაპატიმრებისა და რეპრესიების რეალური საფრთხის მიუხედავად, გადაწყვიტა ადამიანური ვალიც მოეხადა იმ ლიდერის მიმართ, ვისაც პუტინის ოპონირება სიცოცხლის ფასად დაუჯდა, და მოქალაქეობრივი პოზიციაც გამოეხატა. მაგრამ შესაძლოა ეს არა მხოლოდ ნავალნის დაკრძალვის ცერემონია იყო, არამედ გასვენება ბოლო იმედისა, გამომშვიდობება პროგრესის მბჟუტავ ნაპერწკალთან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნემცოვის შემდეგ პუტინის კიდევ ერთი ოპონენტის მკვლელობამ და შემდეგ განვითარებულმა ტრაგიკომიკურმა მოვლენებმა თავად რეჟიმის სხეულზეც გამოავლინა გვამური ლაქები.