
არეულობა ჰაიტიში - დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ძალების შეჭრის შედეგად 4 000-მდე პატიმარი გაიქცა. სროლის ტალღას ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივმა ჟურნალისტმა BBC-ის განუცხადა.
პატიმრებს შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალად 2021 წელს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობა ედებოდათ.
ბანდების მხრიდან ძალადობა, ბოლო წლებში, 2021 წლის პრეზიდენტის მოისეს მკვლელობის შემდეგ გაუარესდა. ისინი პრემიერმინისტრ არიელ ჰენრის გადაყენებას ისახავენ მიზნად და ამ დროისთვის, პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ. ძალადობამ მას შემდეგ იმატა, რაც ხუთშაბათს პრემიერმინისტრი ნაირობიში გაემგზავრა, რათა ჰაიტიში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნა განეხილა. პარასკევს, კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ თქვა, რომ მან და პრემიერმინისტრმა ჰენრიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მუშაობდნენ განლაგების დაჩქარებაზე.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში არჩევნები 2016 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. შეთანხმების თანახმად, ჰენრი 7 თებერვლამდე უნდა გადამდგარიყო და არჩევნები ჩატარებულიყო, თუმცა ეს არ მოხდა. მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ქვეყანა დატოვა, პორტ-ო-პრენსში არეულობა კიდევ უფრო გამწვავდა, ბანდის ლიდერმა ჯიმი შერიზიემ გამოაცხადა კოორდინირებული თავდასხმა პრემიერმინისტრის გადაგდების მიზნით.
გაცნობებთ, რომ იანვარში გაერომ განაცხადა, რომ 2023 წელს ჰაიტიზე ბანდების ძალადობას 8400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ან გაიტაცეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე 2022 წელს იყო.