
რუსულ მედიასა და "ტელეგრამ" არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამარის ოქლში, დაახლოებით დილის 5 საათზე მდინარე ჩაპაევკაზე სარკინიგზო ხიდზე აფეთქება მოხდა. ხიდზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
რუსეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ინციდენტის გამო ხუთი მატარებელი შეფერხდა. "ინტერფაქსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მატარებლის განრიგში შეფერხება მოხდა "სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო ჩარევის გამო".
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის დაზვერვამ. უწყება პირდაპირ პასუხისმგებლობას არ იღებს:
"რუსეთი სარკინიგზო ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, მათ შორის საინჟინრო საბრძოლო მასალის, რომელიც წარმოებულია ქარხანა "პოლიმერის" მიერ სამარას ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში.
სარკინიგზო ხიდის დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, მისი გამოყენება მომდევნო რამდენიმე კვირა შეუძლებელი იქნება", - წერს უწყება.