
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა
ერთი წლით გაახანგრძლივა - თეთრი სახლის ინფორმაციით, განკარგულება მან თავდაპირველად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის "უჩვეულოდ დიდი საფრთხის" გამო მიიღო.
"2014 წლის 6 მარტს, აღმასრულებელი ბრძანებით 13660, პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის მიხედვით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაჩვეულებრივი საფრთხის საპასუხოდ, რომელიც წარმოიშვა ქმედებებიდან და იმ პირთა პოლიტიკიდან, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს; საფრთხე შეუქმნა მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წვლილი შეიტანა მისი აქტივების უკანონო მითვისებაში," - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა 2014 და 2018 წლებში გამოსცა დამატებითი აღმასრულებელი ბრძანებები, რამაც გააფართოვა საგანგებო მდგომარეობის ფარგლები და შემოიღო სანქციების ახალი ტალღები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ განკარგულებებისა და სანქციების უფლებამოსილება, ე.წ. DPR და LPR-ის აღიარების გამო.
"ამ აღმასრულებელ ბრძანებებში გათვალისწინებული ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც უჩვეულო და არაჩვეულებრივ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამ მიზეზით, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პირველად 2014 წლის მარტში გამოცხადდა, შემდეგ კი სხვა განკარგულებებით გაგრძელდა, "მოქმედი იქნება 2024 წლის 6 მარტის შემდეგაც".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დადგენილებები აშშ-ში საგანგებო მდგომარეობისა და უცხო ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, ერთი წლის განმავლობაშია ძალაში.