
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბარმა დაუცველი კავშირის გამო გაჟონა. როგორც ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, საკომუნიკაციო სისტემები არ გატეხილა და აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ღია საკომუნიკაციო არხი - სავარაუდოდ მობილური ქსელი, ან სასტუმროს Wi-Fi გამოიყენა.
პისტორიუსმა აღნიშნა, რომ "ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა".
თავდაცვის მინისტრის თქმით, აუდიოკონფერენციის მონაწილეების მიმართ დისციპლინური გამოძიება დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება შესაძლო სასჯელებზე.
შეგახსენებთ, მაღალი რანგის გერმანელი სამხედრო პირების აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ სინგაპურის ერთ-ერთ სასტუმროშია გაკეთებული, რუსული პროპაგანდისტული მედიის"რაშა თუდეის" [RT]-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა. აუდიოჩანაწერში გერმანელი გენერალი, სავარაუდოდ ინგო გერჰარცი სამ კოლეგასთან ერთად, უკრაინისთვის ამხედრო დახმარებას, უფრო კონკრეტულად კი Taurus-ის რაკეტების მიწოდებისა და დაპროგრამების ტექნიკურ შესაძლებლობებს განიხილავდა. შესაძლო სამიზნედ იყო ნახსენები ყირიმის ხიდი და რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავი.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.