
"დეკემბრამდე მცირე დროა დარჩენილი...ჩემი მოწოდებაა, რომ პროგრესირება სწრაფად მოხდეს" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა და ყურადღება ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებაზე გაამახვილა.
ის გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასაც, რომლებიც EU-ს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადებას სთხოვდნენ.
"რაიმეს ადრე გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროგრესი ცხრა პუნქტის მიმართულებით. საქართველომ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოებით კუთხით და მე მჯერა, რომ ეს ქვეყანა ასე გააგრძელებს. მინდა გითხრათ, რომ დეკემბრამდე მცირე დროა დარჩენილი, იმიტომ რომ ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნებია, საქართველოშიც იქნება არჩევნები. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ პროგრესირება სწრაფად მოხდეს, სანამ ზაფხული დადგება," - ამბობს ფიშერი.
გერმანიის ელჩმა მართლმსაჯულებისა და ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც ისაუბრა:
"მიზანი არის ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აკმაყოფილებს და რომელიც ჭეშმარიტად დამოუკიდებელია. ყველამ იცის, როგორი დისკუსიაა. ვეტინგის სისტემა იქნება ეს თუ სხვა სისტემა, მთავარია სწორი ნაბიჯები გადაიდგას და საბოლოოდ საქართველოს ყველა მოქალაქემ დაიჯეროს, რომ მისი მართლმსაჯულების სისტემა სრულად არის დამოუკიდებელი," - თქვა ფიშერმა.