
ევროპის საბჭომ 2024 წელს პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების პრობლემებზე, დაშინებასა და მედიის წარმომადგენლების დაკავებაზეა საუბარი. დოკუმენტში საქართველოც არაერთხელაა მოხსენიებული.
ევროპის საბჭოს ანგარიშში საუბარი შეეხება 2023 წლის 22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.
"საქართველოში სასიხარულო ამბავია, რომ 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დირექტორი და ქვეყანაში ერთადერთი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, ნიკა გვარამია შეიწყალა", - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარი შეეხება კანონპროექტსაც, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება და რომელსაც პარლამენტმა მხარი გასული წლის 15 ნოემბერს დაუჭირა. ევროპული საბჭო ამ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და წერს, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების გარეშე მიიღო.
"ცვლილებები მიიღეს წინასწარი შეფასების, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" კონსულტაციებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ღია საჯარო დებატების გარეშე. მედიის თავისუფლების რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ცვლილებამ შესაძლოა შეარყიოს ევროპის საბჭოს სტანდარტები დამოუკიდებელი და ადეკვატური დაფინანსებისთვის." - წერია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოსთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრიორიტეტული საკითხია.