
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში დრონის თავდასხმის გამო, მიხაილოვსკის სამთო-გადამამუშავებელი ქარხნის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. საწარმოზე დაყრდნობით მედია ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმო. ის ეკუთვნის კომპანია "Металлоинвест"-ს რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.
მანამდე კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა საწვავის და საპოხი მასალების საცავში. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მიხაილოვსკის ქარხანა ქალაქ ჟელეზნოგორსკშია.
"საწვავის ავზი იწვის, მსხვერპლი არ არის", - წერს გუბერნატორი.
"ტელეგრამ არხი" 112, რომელიც დაახლოებულია რუსეთის სამართალდამცავ უწყებებთან, აქვეყნებს სავარაუდოდ აღნიშნული ხანძრის ამსახველ ვიდეოს.