
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში 7-8 მარტის აქციის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტები ადმინისტრაციაში თავად მიიწვია. მთავარი საკითხი, რაზეც ახალგაზრდები პრეზიდენტს ესაუბრნენ, ლაზარე გრიგორიადისის პოლიტიკური პატიმრობაა. მისი შეწყალების საკითხი მათ ზურაბიშვილთან დააყენეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ კონკრეტული პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან არ მიუღიათ.
"რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, პირველივე კითხვა ეს დავსვით, არის თუ არა ლაზარე სინდისის პატიმარი. თუმცა, ახალი პასუხი ვერ მივიღეთ. რაც საჯაროდ უკვე დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილმა, ისევ იგივე განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე პასუხისგან ჯერ თავს იკავებს", - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა:
საქართველოს პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან როგორც წესი, ყველგან და ამაში გამონაკლისი არც საქართველოა, არჩევნებში ზოგადად, ახალგაზრდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება.
"თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა. - წერს ადმინისტრაცია.
ავტორი: დავით კობიძე