ამბიონები, როგორც ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის. სინოდის წევრები - ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი მეუფე საბა და რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი ერთმანეთს ღიად ტაძრების წმინდა ადგილებიდან დაუპირისპირდნენ. მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო შეწყალების საკითხია. მეუფე იობი მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მომხრეა. მეუფე საბა გიგიბერია კი შეწყალებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თეოლოგები ამბობენ, რომ მეუფე საბა ამით ოცნების ხელისუფლებას ერთგულებასა და პოლიტიკურ ლოიალობას უმტკიცებს. რაც გასაკვირი არც არის, რადგან წლებია სწორედ მაღალი სასულიერო იერარქების დახმარებით ცდილობს ოცნება სასურველი საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და ხალხზე ზეგავლენის მოხდენას. რით პასუხობს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს მესამე პრეზიდენტი. ვივა მედის კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა წერილი "მთავარის" შეკითხვების საპასუხოდ გამოაგზავნა.
"მე მინდა ყველას შევახსენო, რომ გარდა ტაძრების მშენებლობისა, რომლითაც ძალიან ვამაყობ, განსაკუთრებით ბაგრატის აღდგენით, ფოთის თეატრიდან თეატრის გამოყვანით და ცალკე თეატრის აშენებით, ხოლო ტაძრისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნებით, სწორედ ჩემი ინიციატივით და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვით მოხდა ხუთჯვრიანი დროშის დამკვიდრება. ვიღაცეების მოსყიდვა-არმოსყიდვაზე საუბარი საკუთარი მორალის დონიდან გამომდინარეა. ჩემთვის კი ეს იყო ჩემი ისტორიული მისია და ისტორიიდან ამას ვერავინ ამოშლის. როგორც სხვა ყველაფერი იმ წლებში, მათ შორის, ტაძრების აღმშენებლობაც ჩვენი ხალხისთვის კეთდებოდა. ხალხმა განსაჯოს რა მიზნით - მოსყიდვის, თუ ჩვენი დიდებული წარსულის, ტრადიციების შესანარჩუნებლად და განვითარების უზრუნველსაყოფად" ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მან ვივა მედიდან "მთავარი არხისთვის" გამოგზავნა.