პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე დაიკავებს. ამ თემაზე მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძემ თქვა, რომ კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე", - თქვა კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად - ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად - გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის მრჩევლად - ზურაბ აბაშიძე.