"ახალისთვის" მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასამართლო იყოს სამართლიანი | მაია კოპალეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ახალის" გუნდის კიდევ ერთმა წევრმა მაია კოპალეიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ ვითარებაში ყველას მთავარი საზრუნავი უნდა იყოს საქართველოს ევროპული მომავალი. მან ყურადღება გაამახვილა სტუდენტებსა და მომავალ თაობაზე და თქვა, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ახალგაზრდების განსხვავება სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებით და მათ შეძლონ დაიკავონ სასურველი პოზიციები, ცოდნის მიხედვით.

მისი თქმით, "ახალისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამართლიანობისთვის ბრძოლა.

"დღეს ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როცა თითოეული ჩვენთაგანის, ყველას ერთად მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, განსაკუთრებით მაღალია. 25 წელზე მეტია რაც უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, ვარ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ამდენად, პასუხისმგებლობას განვიცდი ჩემი სტუდენტების წინაშე, იმ ახალგაზრდა თაობის წინაშე, რომელსაც იმედის თვალით შევყურებთ, რომელსაც უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. მთავარი არის, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ჩვენ შემოგვყურებენ, მე ვფიქრობ, იმ განახლებას და სიახლეებს ელოდებიან, რომელსაც შესთავაზებს ახალი. "ახალის" მიზანია, რომ ჩვენ საზოგადოებას შესთავაზოს და უფრო მნიშვნელოვანი, განახორციელოს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპების და სტანდარტების მიხედვით მართვა, ახალი არის ის ერთობა, რომელიც ახალი თაობისთვის და მათთან ერთად შექმნის ჩვენი სახელმწიფოს უკეთესს მომავალს. [...] ბუნებრივია "ახალისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამართლიანობისთვის ბრძოლა, მოგეხსენებათ, ეს ბატონები უახლოეს წარსულში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, ამდენად, ახალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი, ამ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასამართლო არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ამდენად, ახალი, ყველა თავისი წევრით, იქნება ეს ჩვენი მხარდამჭერები, უშუალოდ გუნდის წევრები, მოტივირებულები ვართ, რომ სასამართლო ხელისუფლება გახდეს ისეთი, როგორიც შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულ სახელმწიფოს. გარდა ამისა, სასამართლო ხელისუფლება ასოცირდება სამართლიანობასთან, ბუნებრივია, სამართლიანობისთვის ბრძოლა იქნება ახალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სამართლიანობა უკავშირდება ბედნიერებას, ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქე იყოს ბედნიერი, ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის და რაც მთავარია, ჩვენი მიზანია, რომ ამ ბედნიერება თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ მიაღწიოს ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენივე სამშობლოში და არ მოუწიოთ გადახვეწა უცხოეთში იმისთვის, რომ არჩინონ ოჯახები და შვილები", - თქვა კოპალეიშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი