
მე ვირჩევ ახალს, ვირჩევ ცვლილებებს, მე ვირჩევ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს და არა წარსულის განხილვას და დღევანდელ ჭაობში ყოფნას, მე ვირჩევ განვითარებას და პერსპექტივას - ამ სიტყვებით მიმართა ნოდარ ჩაჩანიძემ "ახალის" პრეზენტაციაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანების წევრებს:
"აქამდე საკმაოდ აქტიური ვიყავი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა არც ერთ პარტიაში დღემდე არასდროს არ ვყოფილვარ. მე ვაცნობიერებ სრულად უახლესი საქართველოს ისტორიის მაგალითებს რაც გვაქვს ჩვენ წინ და ზუსტად მესმის და მჯერა იმის, რომ ქართული სახელმწიფოს დღევანდელ რეალობას სჭირდება ახლებური შრომა და ქართველი ხალხის ბედნიერ მომავალს სჭირდება სიახლე, სჭირდება განახლება და სჭირდება ცვლილებები.
მე მჯერა, რომ აქ ვართ შეკრებული ის ადამიანები, ვისაც შეგვიძლია მოვუტანოთ ამ ქვეყანას და ჩვენ თანამოქალაქეებს ბედნიერი მომავალი. მე ვარ რეგიონიდან, ვარ ზემო იმერელი კაცი, რომელმაც ზუსტად იცის ძალიან დიდი ხანია, რა ხდება მშობლიურ კუთხეში. 2022-2023 წლებში მოვიარე მთელი საქართველო და 43 მუნიციპალიტეტში შევხვდი ათასობით ჩვენ თანამოქალაქეს. მე ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე ვიცი, რომ ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება ახალი ენერგია, ახალ გზით , ახალი იდეით და ამ საქმეში ჩვენ გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქე, ის ენერგია, რაც ახალმა თაობებმა ვაჩვენეთ მარტის მოვლენების დროს, როდესაც ყველასთვის გასაგები და ხელშესახები გავხადეთ ის, რომ საქართველოს - მის ძველ თუ ახალ თაობებს - ბედნიერება, თავისუფლება და ევროპული მომავალი გვაქვს სისხლში. " განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.