"ჩვენ შევძლებთ, რომ მოვიტანოთ რეალური ცვლილება, დავამარცხოთ პოლიტიკური კორუფცია და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო" - ამის შესახებ "ახალის" გუნდის წევრმა გიორგი იმედაშვილმა განაცხადა.
"მე მჯერა, რომ დღეს მართლაც იწყება იმ ერთობის შენება, რომელიც შეცვლის ამ ქვეყანაში რეალობას და რაღაცნაირად აგვაცილებს იმ რაღაცა ავბედით მდგომარეობას, რომელშიც ეხლა ვართ. იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მართლაც სკაიპით გაზრდილი ბავშვების ქვეყანა, რომლებსაც წლები არ უნახავთ მშობლები. და არის ასევე ქვეყანა, სადაც მავთულხლართები ყოფს საფლავებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი მონახულება უნდათ. აი, ასეთი შემზარავი ამბების ქვეყანაც არის. და მე მინდა, რომ ჩვენ გავიაზროთ ის, რომ საქართველოს არც მომავალი და არც წარსული არ იმსახურებს ასეთ რეალობას, რომელიც დღეს არის შექმნილი. და არც ჩვენს წინაპრებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ასეთ რეალობაში გვეცხოვრა და არც ჩვენ არა ვართ ვალდებულები, რომ ავიტანოთ და უსიტყვოდ ვიცხოვროთ, აი, ამ რაღაც უბედურებაში, რასაც ყოველდღე ვხედავთ, როცა სახლიდან გამოვდივართ...
ზუსტად ვიცი, რომ წესიერი, ერთგული ადამიანი ბევრად მეტია ქვეყანაში, ვიდრე, აი, ის უზნეო და ყველანაირი მორალისგან დაცლილი, გაყიდული ხალხი, ვინც დღეს მართავს ქვეყანას და ვინც ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. მე მჯერა, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ ერთიანი ძალისხმევით გავაერთიანებთ ამ ადამიანებს, დავუბრუნებთ იმედს ერთმანეთს, ჩვენ შევძლებთ, რომ როგორღაც მოვიტანოთ რეალური ცვლილება, დავამარცხოთ პოლიტიკური კორუფცია და მოვახერხოთ, რომ შევქმნათ ერთიანი, ძლიერი, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო...ჩვენ შეგვიძლია რეალურად შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ ," - თქვა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გამართეს, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება 4, პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა კი სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება.