"ქართული ოცნება" ომში მყოფ ქვეყანას მორიგ ულტიმატუმს უყენებს. საქართველოს მთავრობა ზელენსკის გუნდს კრიმინალების მფარველობასა და ქართული კანონმდებლობის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. ახალი იერიშის მიზეზი ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი გახდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად უმაღლესი დონის შეხვედრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებთან მართავდა.
ამ ფაქტის გამო, დარჩიაშვილის უწყებამ ახსნა-განმარტებებისთვის ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებიც კი დაიბარა. უკრაინის გარდა, საქართველოს ხელისუფლება ირიბად ევროკავშირს ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებასაც კი პირდება, თუ დასავლელი პარტნიორები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებენ.