პოლიტიკურ ველზე ახალი ძალის გამოჩენას ქართული ოცნება ისევ ძველი მეთოდებით და გაცვეთილი პროპაგანდით პასუხობს. ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ერთობლივი პოლიტიკური განაცხადის შეფასებას ივანიშვილის პარტიის ლიდერები მეორე დღეა დაზეპირებულ მესიჯბოქსით ცდილობენ და ტექსტს ისე იმეორებენ, რომ წინადადებების წყობასაც კი არ ცვლიან.
"ოცნების" ლიდერები ახლა ნაძალადევი თავდაჯერებით საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობენ.
"ახალის" რიგებში კი ახალ სახეებთან ერთად, უახლოეს მომავალში შესაძლოა ნაცნობი პოლიტიკური ფიგურებიც ვიხილოთ.
"ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონია. ვიცი, რომ მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით ამ წუთში ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვგულისხმობ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" და "დროას". ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავის კამპანიით არიან დაკავებულნი, მაგრამ, მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ, ოღონდ როდის იქნება ჯერჯერობით ვერ გეტყვით" - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
კონსულტაციებს "ახალთან" ადასტურებს ხატია დეკანოიძეც, თუმცა ჯერჯერობით, დეპუტატს საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
"გამარჯვების პლატფორმის" [ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი] წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მზად არიან შესახვედრად როგორც პარტნიორობის, ისე კონკურენციის გზის არჩევის შემთხვევაში:
"ვერავინ გახდება რომის პაპზე უფრო კათოლიკე, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მიხეილ სააკაშვილი ვერ გახდება ვერავინ...ამ პარტიებმა და სხვა პარტიებმა 5%-ზე მეტი მიიღონ, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს თანამშრომლობა, თუ ბარიერს ვერ გადმოლახავს პარტიები, ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენენ " - ამბობს პაატა მანჯგალაძე
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის პოზიციას - მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება დღეს გიული ალასანიამ გაახმოვანა:
"მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არ იქნება. ნიკა მელიას პარტია აღმოჩნდა, რომ არის ოთხიანი. არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება. ადამიანებს აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით და ატყუებენ ფაქტიურად ხალხს, ეუბნებიან, რომ არიან მიშა სააკაშვილის გვერდით. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი" ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია "ახალის" პრეზენტაცია გუშინ, 11 მარტს შედგა. აპრილში კი იგეგმება ყრილობა.