
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას აქვს 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი, რაც "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებაა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ლელოს" შეუძლია აღნიშნული დეფიციტი აღმოფხვრას, განახორციელოს ისეთი პროექტები როგორიცაა ანაკლია თუ სხვა და შეცვალოს ის ნიჰილიზმი, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ დათესა.
გარდა ამისა, ხაზარაძემ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზენტაცია უნდა ჰქონოდათ ერთ-ერთ საწარმოში, მაგრამ საწარმოს წარმომადგენლებს დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ "ლელო" იქ მივიდოდა, პრობლემები შეექმნებოდათ.
"ჩვენ ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც დათესა ბიძინამ და მისმა ქართულმა ოცნებამ და ამ ქვეყანას დავიბრუნებთ. და ბოლოს, ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნდა გვქონოდა პრეზენტაცია ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ძალიან გულთბილად გველოდებოდნენ და მოხდა ისეთი რამ, რომ მათ დაურეკეს და უთხრეს, თუ ხაზარაძე და ლელო თქვენთან მოვა სტუმრად, თქვენი ქარხანა იქნება პრობლემების ქვეშ, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, ის ახშობს არა მარტო განსხვავებულ აზრს და ებრძვის ოპოზიციონერებს, არამედ, ის ებრძვის ქართულ ბიზნესს და იმ ხალხს, ვინც აქ სამუშაო ადგილებს ქმნიან", - თქვა ხაზარაძემ.