მთავრობამ, "ქართული ოცნების" დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიებს მრავალმილიონიანი დავალიანება ჩამოაწერა - "რადიო თავისუფლება" ბიზნესმენ გოდერძი ჩანქსელიანის საქმით დაინტერესდა.
დგინდება, რომ რამდენიმე წლის წინ მისი ორი კომპანია შემოსავლების სამსახურის აუდიტმა 6 მილიონი ლარით დააჯარიმა. ფინანსური პოლიცია დეპუტატს თანხების გაფლანგვას, გადასახადების დამალვას და დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა. ამის შემდეგ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. უწყების წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით თავად ჩანქსელიანმა მიმართა. დავა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა, საბოლოოდ კი ბიზნესმენი მხოლოდ 50 000 ლარით დაჯარიმდა, 5 მილიონზე მეტი ეპატია.
კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კორუფციის ფაქტთან და აუცილებელია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ეს ფაქტიც გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს.