მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისთვის 14 140 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ თეატრში მოეწყობა ორი, მცირე და დიდი დარბაზი, რომელთაგან მცირე - 100, დიდი დარბაზი კი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. განიხილება, როგორც თეატრის შიდა სივრცის, ისე ფასადის და ეზოს მოპირკეთება.
"თეატრში საგასტროლოდ/სამუშაოდ ჩასული რეჟისორებისა და მსახიობებისთვის მოეწყობა რვა სასტუმრო ოთახი, შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე, რომელიც თავის მხრივ უმასპინძლებს შემოქმედებით პროექტებს...
სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალციხის სალოტბარო სკოლა მესხეთის თეატრის ახალი შენობის გახსნის შემდეგ იქ შეძლებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას, რაც თეატრის შენობას ხელს შეუწყობს, იქცეს კულტურის მრავალფეროვან კერად", - წერია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობითვე, თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.
თეატრის რეაბილიტაციის ტენდერში, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა, ერთადერთმა კომპანია შპს "ბილდკინგსმა" მიიღო მონაწილეობა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულებაც. კომპანია "ბილდკინგსი" 2016 წელს დაფუძნდა, მისი მფლობელები არიან ლაშა რუხაძე (40%), ნელი კალაძე (40%) და ნანო რუხაძე (20%). აღსანიშნია, რომ ლაშა რუხაძეს "ქართული ოცნებისთვის" 15 000 ლარი აქვს შეწირული.