
როგორ ზრდის ხელისუფლება ბიუროკრატიულ ხარჯებს - პარტია "ლელო" საჯარო სექტორში შტატგარეშე დასაქმებულებსა და წინასაარჩვენოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდაზე საუბრობს. საბა ბუაძის ინფორმაციით, მთავრობა უმუშევრობის შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს.
მისი თქმით, ხელისუფლება 12 წელია ზრდის ბიუროკრატების რაოდენობას და კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინვესტიციები ვერ შემოაქვს.
"ჩვენ დღეს ვაქვეყნებთ მონაცემებს, სადაც სავალალო მდგომარეობა არის საქართველოში ბიუროკრატიის ზრდასთან მიმართებით. მათ კერძო სექტორში ვერ შექმნეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, სამაგიეროდ, შტატგარეშე დასაქმების გზით, 347 მილიონი ლარით არის გაზრდილი შტატგარეშეთა მომსახურების ანაზღაურების ხარჯები. ტენდენცია არის საკმაოდ ნათელი და აჩვენებს "ქართული ოცნების" პრიორიტეტებს, რომ გაბერონ შტატები საჯარო სამსახურში, დაასაქმონ საკუთარი ნათესავები, დაასაქმონ საკუთარი პარტიული აქტივი ნაცვლად იმისა, რომ კერძო სექტორში შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები", - თქვა საბა ბუაძემ.