
პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი სამხედროები ფარსად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებს ახალი შეტევებითა და თავდასხმებით დაუპირისპირდნენ. ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში დღეს განგაშის სიგნალი გამორჩეულად ხშირად ისმოდა. ვითარება უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში იმდენად დაიძაბა რომ ხალხის გასაყვანად საევაკუაციო დერეფნის მოწყობა გახდა აუცილებელი. კრემლი ბოლო წუთამდე ცდილობდა არსებული მძიმე ვითარების გასაიდუმლოებას, თუმცა დღის ბოლოს თავად დიქტატორმა გააკეტა საგანგებო განცხადება და თავდასხმების მოწყობაში ოფიციალური კიევი დაადანაშაულა.
"ხმის მიცემის ჩაშლის, ხალხის შეშინების მიზნით კიევის ნაცისტურმა რეჟიმმა რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული აქციები ჩაიფიქრა და განხორციელებას ცდილობს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების მიტანაა. რაკეტებისა და ჭურვების დაახლოებით 95% ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ნადგურდება.
ამის მიუხედავად, მშვიდობიან მოსახლეობაში დაშავებულები გვყავს. ეს დარტყმები პასუხის გარეშე არ დარჩება" თქვა პუტინმა.
თავად საარჩევნო პროცესი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე როგორც მოსალოდნელი იყო დაკავებებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი