
სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020" დღეს ოფიციალურად დაიწყო. მრავალეროვნული სწავლება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა.
სწავლებისთვის საჰაერო გზით საქართველოში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოვიდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საზღვაო გზით, ფოთის პორტში, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი "Ocean Freedom" შემოვიდა.
ოფიციალური გახსნას პრემიერი გიორგი გახარია და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრნენ.
პრემიერმინისტრის განცხადებით, აღნიშნული სწავლება საქართველოს მშვიდობის გარანტია, ქვეყნის როლი გლობალური მშვიდობის დამყარებაში კი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ეგიდით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევთ ჩვენს ჯარისკაცებს შესაძლებლობას, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, - განმარტა გახარიამ.
თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ სწავლების მთავარი გნავნილია - "ძალა პარტნიორობაშია".
ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენ წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა, - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. წლევანდელი სწავლება 18 სექტემბრს დასრულდება. სწავლების მიზანი ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.