კიდევ ერთხელ ვიმეორებ საჯაროდ, ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები | ალიევი

გამოქვეყნდა:

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ, რომ ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პრემიერ კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ალიევმა კობახიძეს აზერბაიჯანში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერად დანიშვნა მიულოცა:

"წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარდაჭერა გვაქვს ერთმანეთისთვის გამოცხადებული და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს შეცვლილი. საერთაშორისო სამართლის ნორმები ყველასთვის ერთი უნდა იყოს და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა. მეზობელი მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, იმიტომ, რომ ხალხს აკავშირებს მეგობრობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ წლების განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ. ჩვენ, ორი მეგობარი და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პრემიერმა კობახიძემ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის:

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი