
"24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ვეცდებით დავეხმაროთ მათ, როგორც შეგვიძლია", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რუსეთის თავისუფლების ლეგიონის, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ე.წ. ციმბირის ბატალიონის შესახებ საუბრისას, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
დაზვერვის მონაცემებით, რუს მოხალისეთა ბატალიონების მებრძოლები უკრაინის საზღვრისპირა რეგიონების ტერიტორიაზე ოპერაციის გაგრძელებას გეგმავენ.
"როგორც ვიცით, ისინი უახლოეს მომავალში არ აპირებენ გაჩერებას და გააკეთებენ რაც შეუძლიათ. და როგორც ამ ბოლო დროს ვნახეთ, მათ აქვთ საკმარისი ენერგია, მიაღწიონ შეზღუდულ წარმატებას", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსი მოხალისეების ქმედებები "შიდასახელმწიფოებრივი საკითხია".
პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (RDK) სამხედროები ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში - ბელოგოროდსა და კურსკში. აღნიშნულ ოლქებში რეგულარულად ისმის საჰაერო განგაშის ხმა, ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები.