მექსიკის საზღვრიდან გატაცებული პირების მდგომარეობა უცნობია - საქართველოს 30 მოქალაქე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ტყვეობაში რჩება. უკვე 24 საათზე მეტია ისინი ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოსულან. ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "მთავარი არხისთვის" დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია. თუმცა, რამდენიმე არაოფიციალური წყარო ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.
"მეც როგორც თქვენ იცით, ინფორმაციას ვუყურებ, ვიდეოც ვნახე, რომ კარგად არიან და ელოდებიან როდის გამოუშვებენ. აღნიშნავენ კიდევაც იქ, რომ გამოგვიშვებენ მალეო. ვერ გეტყვით ვერაფერს. მე არავინ აღარ დამკავშირებია. ერთი ის ვიცი, რომ ალბათ გამოუშვებენ და კარგად იქნებიან და სადაც მიდიოდნენ იქ წავლენ მშვიდობით. მთავარია კარგად არიან, ვიდეო რაც ვნახე. მეტი არაფერი არ ვიცი. მეც გაურკვევლობაში ვარ, რა ხდება," - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მექსიკურმა ნარკოკარტელმა მოქალაქეების ჯგუფი, სავარაუდოდ, 4 დღის წინ გაიტაცა. დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს.