რუსეთის პრეზიდენტის 3-დღიანი არჩევნები დასასრულს უახლოვდება. ამ ტრაგიკომიკური სპექტაკლის შედეგი თავიდანვე ცხადი იყო. კრემლის დიქტატორმა ამ არჩევნებით, რომელსაც უფრო რიტუალური დატვირთვა ჰქონდა ვიდრე პოლიტიკური, თავისი თავი კიდევ ერთხელ აკურთხა ხელმწიფედ.
ამ ნაბიჯით პუტინი დასავლეთისთვის თავისი ლეგიტიმაციის დამტკიცებასაც ცდილობს, და თან საკუთარ მოსახლეობას თავს ისე წარუდგენს, როგორც ერთადერთსა და შეუცვლელს. სინამდვილეში ამ არჩევნებმა მისი ძალიან ბევრი სისუსტე აჩვენა. სწორედ პუტინმა დაიწყო სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში, რომლის შედეგად დღეში 1000-მდე დაჭრილი ან გარდაცვლილი ჰყავს რუსულ არმიას, რომლის შედეგად რუსეთის ეკონომიკა დასანქცირებულია. მთავარი საპრეზიდენტო საჩუქარი კი მაინც უკრაინისგან მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ბელგოროდში, უკრაინიდან გადმოვიდნენ და რამდენიმე რუსული სოფელი დაიკავეს პუტინის მოწინააღმდეგე რუსმა მებრძოლებმა, მოსკოვის სამივე აეროპორტში შეფერხებები იყო, ცეცხლი გაუჩნდა კიდევ რამდენიმე ნავთობგადამამშავებელ ქარხანას, და ა.შ. და როცა ურკაინაში დაწყებულ ომში კრემლის მარცხი საბოლოოდ გაფორმდება, პუტინი მთავარი განტევების ვაცი იქნება, რომელსაც განაჩენს მისივე გარემოცვა ყოველგვარი რიტუალებისა და ცერემონიების გარეშე გამოუტანს.