იყო თუ არა ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი უცხო დნმ-ის ნიმუშები და რა დროს გაჩნდა სისხლის კვალი - მთავარი პროკურატურა პასუხობს, რომ მანქანაში უცხო პირის დნმ-ის ნიმუში არ აღმოჩნდა.
ბაჩალიაშვილების ოჯახი დარწმუნებულია, რომ სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილის იძულების დროს გაჩნდა, რომ მას მიეღო პრეპარატები. პროგრამისტის დედა მიუთითებს, რომ მის შვილს სუსტი კაპილარები ჰქონდა და შესაძლოა წამლის მიღების დროს სისხლი ცხვირიდან წამოუვიდა.
გუშინ, 5 სექტემბერს, ბოლო ბრიფინგზე, პროკურორმა დავით გუმბერიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღებული ნიმუშების შედეგებზე ისაუბრა. გენეტიკურ მასალებზე საუბრისას პროკურორმა ჩამოთვალა, მანქანის სალონში რა ადგილებზე აღმოაჩინეს თამარ ბაჩალიაშილის დნმ-ი.
პროკურორს არ უთქვამს, რომ ავტომობილში სისხლიც იპოვეს და სხვა პირების დნმ-ებიც. პროკურატურისსავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშილის ავტომობილში მისი სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო: მაგნიტოფონის ქვევით. ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე. მობილური ტელეფონის ორივე მხარეს. სისხლი იპოვნეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე. ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.