რამდენჯერაც პოლიტიკური სპექტრი განახლდება ქვეყანაში, იმდენჯერ უნდა ჩატარდეს ვეტინგი?! | მიქაუტაძე

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მიუღებელია "ვეტინგი" და არა მოსამართლეების შემოწმება. მისივე თქმით, არანაირი დამატებითი საფუძველი და არგუმენტი არ არსებობს, რომ მოსამართლეების დამატებით შემოწმება მოხდეს.  მიქაუტაძე ამბობს, რომ სასამართლო აღარასდროს იქნება დამოუკიდებელი, თუ იმას დავუშვებთ, რომ ყველა ჯერზე პოლიტიკური სპექტრიდან წამოსული მსგავსი განცხადება ხორცს შეისხამს და დაიწყება მოსამართლეების მიმართ "რეპრესიები".

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი აქვს ამ ინიციატივას, დავინტერესდით, გვენახა მტკიცებულებები, თუ რატომ გაჩნდა ასეთი ინიციატივა, მსგავსი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ და ვერ მოვიპოვეთ, სამაგიეროდ, ჩვეული მეთოდებით, დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია. ჩვენთვის მიუღებელია ვეტინგის სისტემა და არა მოსამართლეების შემოწმება, იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობითაც და ბოლო თუ არ ვცდები 3-4 წელია სისტემატურად ჩემი პირადად ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება მიმდინარეობს, ამას აკვირდება ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მოთხოვნითაც ტარდება ეს შემოწმება, თუმცა ვიმეორებ, რომ არცერთი რეალური საფუძველი ამ პროცესში არ შეიქმნა იმისთვის, რომ რამე დამატებითი შემოწმება განხორციელდეს. ძირეული შინაარსი რაც არის ამის, რომ ეს ხორციელდება პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნით, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც პოლიტიკური სპექტრი განახლდება ქვეყანაში, იმდენჯერ უნდა ჩატარდეს ვეტინგი და იმდენჯერ განახლდეს სასამართლო კორპუსი?! ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეს იქნება შეუქცევადი და სასამართლო აღარასდროს იქნება დამოუკიდებელი, თუ ჩვენ იმას დავუშვებთ, რომ ყველა ჯერზე პოლიტიკური სპექტრიდან წამოსული მსგავსი განცხადება ხორცს შეისხამს და დაიწყება მოსამართლეების მიმართ რეპრესიები",- ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგის სისტემას "ოცნების" ხელისუფლება და მასთან დაახლოებული სასამართლო კლანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა "დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე."

აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესის ორმა მოსამართლემ, ასევე სხვა მოსამართლეებმაც. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი