"ქართული ოცნება" ხვალ, 19 მარტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. კრიტიკის მიუხედავად, მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მაინც დაამტკიცებს. უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტით, პრეზიდენტს სრულად ეზღუდება ცესკოს დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადავა.
ასევე, უმრავლესობა არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური კვოტით დანიშნული მოადგილის თანამდებობას. ამ ცვლილებების შემდეგ, ხელისუფლება ნებისმიერ დროს მოახერხებს ერთპიროვნულად კომისიაში მისთვის სასურველი თავმჯდომარის დანიშვნას. დღეს, პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ფორმალური მსჯელობაც გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეც ესწრებოდნენ.