კატარში შეძენილი 22 მილიონის საფრენი აპარატები | გოცირიძის შეკითხვას პარლამენტში ჩხუბი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კითხვები  უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანების მიზეზი გახდა. კრიტიკული კითხვების გამო, "ოცნების" წევრები რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ და მას მოღალატე და აგენტი უწოდეს. 

ევროოპტიმისტების წვერი დაინტერესდა, რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული ქვეყანაში და ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის შეტანა.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ კერძო სექტორმა შეიძინა კატარიდან 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი. ეს რა აპარატია, არ ვიცით. შესაძლოა, ვერტმფრენია, ორი ან რამდენიმე პატარა ვერტმფრენი, შესაძლოა, დრონებია, თუმცა სტატისტიკის მასალებში რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც არის შემოსული საფრენი აპარატები 300-400 ათასი დოლარის. შესაძლოა, ეს იყოს დრონები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, რომელიც ტელევიზიებს ან კერძო სტრუქტურებს სჭირდება, მაგრამ 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია, რასაც ვაკვირდები. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ამიტომ, უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში. ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგალითად ყირგიზეთში, ყაზახეთში. იგივე მიკროჩიპების აქედან შეტანა ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი ყაზახეთში. დააკვირდით, ეს საფრენი აპარატი რა არის, საქართველოში დარჩება, გავა, თუ ვისია. 22 მილიონი დოლარი არ არის პატარა ფული“, - მიმართა გოცირიძემ გომელაურს.

გომელაურმა კი გოცირიძის პასუხად აღნიშნა, რომ საბაჟოზე შემოსული ტვირთები ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა და ამ თემაზე უწყებას ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი