შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს | წარდგენაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გასული ორი წლის განმავლობაში მიხეილ შაყულაშვილი მუშაობდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პოსტი დატოვა  და გადაწყვეტილება გადაღლილობით ახსნა.

ხარაბაძე ყოფილი ძალოვანია, ამ პოსტზე დანიშვნამდე ის, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ჩვენი ინფორმაციით, პრემიერი ამ პოსტზე აბიკო აბესაძის კანდიდატურასაც განიხილავდა, რომელიც ამჟამად იკავებს გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ ტყემალაძემ ხარაბაძე ცოტა ხნის წინ წარუდგინა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და სახარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. 

ღონისძიებაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, მათ შორის "მთავარი არხი".  ხარაბაძემ თქვა, რომ საორგანიზაციო საკითხებს არ იცნობს, თუმცა თანამშრომლობას ყველა მედიასთან აპირებს.

"იმედი მაქვს გავამართლებ მოსახლეობის, გუნდის და პრემიერის იმედებს. რეგიონს ვიცნობ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აქ ვარ გაზრდილი, წინაპრების საფლავიც აქ მაქვს", - თქვა ხარაბაძემ.

ტყემალაძემ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ დაპატიჟეს ღონისძიებაზე კრიტიკული მედია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი