თამაზ გინტურის მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ამ სასტიკ დანაშაულს ისევ ბუნდოვანი ტერმინით მოიხსენიებს და ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართული შეიარაღებული ძალების მაიორი უბრალოდ გარდაიცვალა.
თამაზ გინტურის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხობს -გინტურები შეშფოთებულები არიან ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებით და დარწმუნებულები არიან, რომ ამ მკვლელობას ქართული ოცნების ხელისუფლება არ გამოიძიებს:
"არ აინტერესებს მთავრობას, თორემ ყველაფერი გამოძიებული იქნებოდა აქამდე. გუშინ ერგნეთში იყო 118-ე შეხვედრა, გამოვიდა სუს-ის უფროსი და თქვა, რომ ჯერ არ გვაქვს სია გინტურის მკვლელებისო. რა სია უნდა ჰქონდეთ და სია რათ უნდათ ვინ იყო იმ დღით მორიგე კირბალის ლომისაში, ვინ ჩაცხრილა ჩემი ძმა. ჩემი ძმა მოკლეს, ჩაცხრილეს და გარდაცვლილიო. გარდაცვლილი რა, ღამე გაათენა და სიცივეში გაიყინა? ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. როგორც ვატყობ, მანამ ეს მთავრობა იქნება, გამოძიება არ იქნება, შეკრულები არიან რუსეთთან, საქართველო არის პატარა რუსეთი და დიდი რუსეთი მართავს პატარა საქართველოს. ვიცი, რომ არანაირი გამოძიება არ იქნება" ამბობს თამაზ გინტურის ძმა.
ვახტანგ გომელაურმა გუშინ, პარლამენტში, თამაზ გინტურის მკვლელობას "გარდაცვალება" უწოდა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, მაიორი თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შსს-მ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს მკვლელობაში ბრალდებული.
ერგნეთში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვეული ცინიკური პოზიცია დააფიქსირა.