"ქართული ოცნების" კამპანია "ახალის" წინააღმდეგ - მეორე დღეა სახელისუფლებო მედია, მმართველ პოლიტიკურ ძალასთან უნისონში, აქტიურად განიხილავს, არის თუ არა დაპირისპირება ახალი პოლიტიკური ერთობის ორ ლიდერს შორის იმაზე, ვინ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი - ნიკა გვარამია თუ ნიკა მელია.
დღეს ახალი პოლიტიკური ერთობის შიგნით ფსევდო დაპირისპირებაზე ისაუბრა პრემიერმა და არც მისი ოპონენტების შანსებზე სასაუბროდ დაუზოგავს დრო.
"როდესაც 1%-იანი, თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის რა თქმა უნდა ღიმილისმომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფერი. ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო", - თქვა კობახიძემ.
პარალელურად კი "ოცნების" რეაქციული ფრთა "ახალის" ლიდერებს კონსპირაციული გამოძიებითა და აბსურდული თეორიებით ემუქრება.
"ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავე ორგანიზაცია.... ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული და უნდა გასამართლეს, შესაბამისად, იმ გასამართლებაში აუცილებლად მოყვება ნიკა გვარამიაც", - თქვა დღეს სოზარ საუბარმა.
"ახალის" დამფუძნებლები ამბობენ, რომ ჯერ პრემიერობის კანდიდატის თემაზე მსჯელობა არც კი ყოფილა და "ოცნების" ნაადრევი შიშები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილის პარტიას ელექტორალური პრობლემები აქვს.
"როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, როგორ იქნება, საერთოდ მე და მელია შეიძლება არც ერთი არ ვიყო, ეს არც იხილება აქ, არავითარი ამგვარი საკითხების დრო არ დამდგარა. გასაგებია, რომ ეს "ქართულ ოცნებას" ასე ესმის, იმიტომ, რომ თვითონ მხოლოდ თანამდებობების დანაწილებისთვის იბრძვიან და ეს თანამდებობებიც იმიტომ უნდათ, რომ საქმე კი არ გააკეთონ, არამედ ფული გააკეთონ, გასაგებია ამ ხალხის პოზიციები და ნაკლებად საინტერესო.
ზოგადად აქტუალიზაცია მოხდა "ახალის" თემის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც და ეს კარგია, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "ახალი" არის მძიმეწონიანი მოთამაშე, მიუხედავად იმისა, რომ ახალია ძალიან მძიმეწონიანი მოთამაშეა, კარგია მეგობრებო, ილაპარაკეთ სულ ჩვენზე, ჩვენ ეს გვაწყობს.
საქართველოში ომი არ იქნება, პირველი, და ახალი პარტია ამის გარანტიაა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, "ქართული ოცნება" ვერავის ვერ გაასამართლებს, მაქსიმუმ თვითონ აღმოჩნდეს განსასჯელთა სკამზე ზოგიერთი მათგანი, ამიტომ, დაანებონ თავი წარსულში ჩხრეკას და თუ რამის გაკეთება შეუძლიათ ერთი სანტიმეტრით წინ მაინც წარიონ ეს ქვეყანა ევროპისკენ, თუ უნდათ რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია და არა რუსეთი, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის", - თქვა ნიკა გვარამიამ.