
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკური კიევში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა და განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
მისივე ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი:
"ესტონეთმა ახლახან გამოაცხადა, რომ ჩვენ უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას და სხვა სამხედრო დახმარებას გავუგზავნით. იმედი გვაქვს, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანა ყოველწლიურად გამოყოფს მშპ-ს 0,25%-ს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, შეძლებენ, აჯობონ რუსეთს. მეორე - მნიშვნელოვანია რომ გაწევრიანებაზე საუბარი გაგრძელდეს და დეკემბერში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია და დროულ გადაწყვეტას მოითხოვს, გაყინული აქტივების გამოყენებაა. ეს იქნება ნაბიჯები უკრაინის დახმარების გზაზე." წერს კალასი.