რუსულნომრიანი სატვირთო მანქანები ენგურის ხიდზე - "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. ჩვენ ვცადეთ შსს-ს თანამშრომლებისგან პასუხების მიღება საეჭვო მანქანებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ირწმუნებიან, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.
"აღნიშნული ტვირთი არ გატარებულა. მე არ ვიცი, რა ტვირთია, იმიტომ რომ არ გასულა ასეთი ტვირთი, რასაც თქვენ სატრანზიტოს ეძახით. ამიტომ არ გიდასტურებთ ამას... კონტროლირებადი ტერიტორია ეს არ არის... იქ რომ იყოს ადგილობრივი, არ შეიძლება? არა, არა. არ გიდასტურებთ ამ ფაქტს", - თქვა შსს-ის წარმომადგენელმა.
"ქართულ ოცნებაში" კი DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდებისთვის, შესაძლოა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთი გამოიყენებოდეს, უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.
"საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია, ხელისუფლებასაც კი აღარ გვიწოდებს უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ორგანიზაცია. ამიტომ, ეს არის ზუსტად ის მავნე გავლენები, რომლებიც აქვს ასეთი სახის დაფინანსებებს ხოლმე, როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ. და შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია ფინანსდება, მათ შორის, ევროკავშირის ფულით და ერთ-ერთი საკითხი 9 ნაბიჯში არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდება საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია, - ამბობს პაპუაშვილი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას, სამეგრელოდან გალში სატვირთო მანქანების საიდუმლო გადაადგილება შეინიშნებოდა. ასეთივე ინფორმაციას და კადრებს ავრცელებს აფხაზური ტელეგრამ-არხი Respublica-ც და წერს, რომ გალში ენგურის ხიდიდან უნომრო სატვირთო მანქანები შევიდნენ და საქართველოში ტვირთი წაიღეს.