
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია. დარჩიაშვილი ინტერპელაციის წესითაა დაბარებული პარლამენტში ოპოზიციის მიერ.
ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს. დეპუტატებს აინტერესებს რას აკეთებს ამ მხრივ სამინისტრო.
"ჩვენ საკონსულო დაწესებულებებს უწევს ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისთვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს. [...] მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა სამწუხაროდ კვლავ დაბალია", - თქვა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ცესკო სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
დარჩიაშვილმა თქვა, რომ 2024 წელსაც მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდება საძიებო ველი, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა გადაამოწმონ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი.