"აქციებში მონაწილეობისას, ჩვენს რესპონდენტებს, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ" | ​HRC-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც HRC წერს, 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერილ ინტერვიუებში რესპონდენტებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, მათ, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.

"ინტერვიუების დროს, პოლიტიკური პარტიის 1 , ასევე - სამოქალაქო გაერთიანების 2 წარმომადგენლები მონიტორებთან ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისინი არაერთხელ გამხდარან ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები. 2023 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე - ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა აქციის პერიმეტრზე შენიშნა ორი არაიდენტიფიცირებადი პირი - მამაკაცი და ქალბატონი, რომლებიც სავარაუდოდ უთვალთვალებდნენ აქციის მონაწილეებს - გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის  მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს და 2023 წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამას - ბექა გრიგორიადისს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პიროვნება უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან. ამასთან, სწორედ ამ აქციის შემდეგ ბექა გრიგორიადისი აპირებდა მედიისთვის განცხადების გაკეთებას, რომ იწყებდა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას და შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო მისი თვალთვალის მიზეზი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ეს პირები იდგნენ ჯუმბერ ბაჩალიაშვილისა და ბექა გრიგორიადისის სიახლოვეს. ამასთან, მოგვიანებით, მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოების დეტალური გაცნობისას მონიტორმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ უთვალთვალებდა აქციის მონაწილეებს, იმყოფებოდა პირველ გიმნაზიასთან შეკრებილ პოლიციელებთან ერთად. ეს გარემოება შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ბექა გრიგორიადისი, სავარაუდოდ, იყვნენ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები.

ვინაიდან ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ხელთ არ არის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, მონიტორინგის მოკლე ანგარიშის მიზნებისთვის, აქციის კონკრეტული მონაწილეების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება გონივრული ვარაუდის საფუძველზეა განხილული. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ასეთი ვარაუდის საფუძველია აქციების მონაწილეების და ორგანიზატორების მიერ ინტერვიუების დროს მოწოდებული ინფორმაცია და მათ მიერ მიერ აქციების მიმდინარეობისას მოპოვებული ფოტო და ვიდეოდოკუმენტაცია," - წერს ორგანიზაცია.

HRC ასევე აღნიშნავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას პროკურატურამ, სასამართლომ, ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომით. 

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს:

  • საქართველოს პროკურატურას და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს: შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ არ განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, გარდა კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
  • საქართველოს საერთო სასამართლოებს: ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ნებართვის გაცემისას ან/და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ეროვნული კანონმდებლობით და მსგავსი მოქმედებები დაუშვას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: ზედამხედველობა გაუწიოს აქციების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სავარაუდო ფაქტებს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი