ენგურჰესის გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს.
მებონია გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციას რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა.
DRI-მ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გამოთქვა ეჭვი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის შესაძლო გამოყენებაზე, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ასავლელად.
9 მარტს აფხაზურმა ტელეგრამ არხმა RESPUBLICA-მ გალში გადაღებული ტვირთის ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოცემა წერდა, რომ თვითგამოცხადებული "რესპუბლიკის ხელისუფლების" მონაწილეობით „საიდუმლო ოპერაცია“ განხორციელდა.
მებონიას თქმით, ტრანსფორმატორი აფხაზეთში გადაიტანეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე დაამონტაჟეს 2017 წელს, ახლა კი კონსტრუქცია დაშალეს და წყალტუბოში ახალ ქვესადგურზე დასამონტაჟებლად გადაიტანეს.