დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 8-დღიანი კარანტინი მხოლოდ საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს შეეხებათ და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლდათ, რომ 12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ხაზს ვუსვამ, რომ 8-დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით მერვე დღეს კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს PCR ტესტს გაუკეთებენ და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ისინი დატოვებენ კარანტინს. გამყრელიძის თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ ამ ადამიანებმა მეთორმეტე დღეს კიდევ ერთი ტესტი ჩაიტარონ.
კარანტინის ვადის შემცირებაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 7 სექტემბერს მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან, 72-საათიანი PCR ტესტის პასუხის წარდგენა საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს მოუწევს.
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის სავალდებულო ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით გრძელდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.