
რუსეთი გლოვაა გამოცხადებული - ბოლო მონაცემებით საკონცერტო ჰოლში შეიარაღებულ თავდასხმასა და გაჩენილ ხანძარს 133 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე პირს კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება და ჭრილობა აქვს მიღებული. საბჭოთა ბენდ "პიკნიკის" კონცერტზე მოწყობილ სისხლიან სასაკლაოზე პასუხისმგებლობა ისლამურმა ხალიფატმა აიღო.
თუმცა დატრიალებულმა ტრაგედიამ შეუძლებელია არ გაგახსენოს ნორდ ოსტის, საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისა და ბესლანის ხოცვა-ჟლეტის ისტორიები - ყველგან კვალი პუტინის მშობლიურ ეფ-ეს-ბე-მდე მიდიოდა, და ყველა შემთხვევაში ეს ტრაგედები საზოგოგადოების სენტიმენტების სამართავად და კრემლის ლიდერის დღის წესრიგზე იყო მორგებული. ასე აღმოჩნდა ამჯერადაც. ისე რომ ეჭვიმიტანილების ვინაობაც კი არ იცოდნენ რუსმა სამართალდამცეველებმა, პუტინმა ყველაფერი უკრაინას დააბრალა, უაპელაციოდ, უარგუმენტოდ.
ძიების პირველივე საათებში უკრაინული კვალის შესაქმნელად გაჩნდა მტკიცებულებები, თუცმა მათი აბსურდულობის გამო მალევე ისევ გაქრა. ერთი სიტყვით, ყველა ხვდება, რომ ამ ისტორიაში რაღაც ისე ვერ არის. პუტინი თითქოს ელოდობოდაო რაღაც ამდაგვარს, ახლა ცდილობს მომხდარი რუსეთის საომარ დღის წესრიგს მოარგოს, საზოგადოების ბრაზსა და ტკვილის მიმართულება მისცეს. თავად მორალურად სრულიად გაუმართლებელი ძალადობის ავტორი ახლა ტერორიზმით ცდილობს უკრაინას გამოაცალოს ის მორალური სიმტკიცე, რამაც გააძლებინა კიდეც ამ მამაც ხალხს.
ტერორიზმი - ეს არის ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. სწორედ ამას აკეთებს პუტინი უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან, ამას აკეთებდა 2014 წლიდან დონბასის რეგიონში, 2008 წელს საქართველოში, უფრო ადრე კი ჩეჩნეთში. მოსკოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი შეკითხვა გააჩინა, მაგრამ ერთ რამეზე მთელი ცივილიზებული სამყარო მტკიცედაა ჩამოყალიებებული - პუტინის განცხადებების და მისი პროპაგანდის აღარვის სჯერა, მისივე მოქალაქეებსაც კი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი